გიორგი ცუცქირიძე: ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს რომელიმე მათგანის ხილვა საპარლამენტო სავარძელში, მით უმეტეს ჯეიმს ბონდად ან ერნესტო ჩე გევარად არც ერთი არ უქნია ღმერთს – არც ხაბე, არც ხაზარა, ჯაფარა თუ ჯუნიორ ვაშაძე

“რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია? ქართულმა ოპოზიციამ უხვად აგზავნა და აფრიალა რა წერილები ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ ციურიხში, ბოლოსღა გაახსენდა, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მისი საქმიანობის პირუთვნელი მსაჯული მაინც ხალხია.  ის ხალხი, რომელიც დავიწყებული ჰყავდა დიდი ხანია”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მხოლოდ ნეგატივზე, ატროფირებულ რეალობაზე, სიცრუეზე და ირაციონალურ მოთხოვნებზე აგებული პოლიტიკა, რომ კრახით დასრულდებოდა დიდი წინასწარმეტყველება ნამდვილად არ სჭირდებოდა.
“ეს პოსტი 3 წლის წინ არის დადებული და რადგან დღესაც ბევრი არაფერი შეცვლილა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მცირეოდენი ცვლილებით გთავაზობთ. ერთადერთი რაც დაემატა, ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ირგვლივ მორიგი დესტრუქცია და ხელისუფლების დადანაშაულება ყველა ცოდვაში, მათ შორის რუსეთში მომავალი სანქცირებული პროდუქციის ე. წ. შავი ხვრელების მხარდაჭერაში, რისი დოკუმენტური ან ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს, რაც ამ დღეებში თვით აშშ ის ელჩმა ქალბატონმა დეგნანმაც კი დაადასტურა!
სწორედ ამ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი იყო და არის ბოლოს საკუთარ პარტაქტივამდე დაყვანილი და ელექტორალურად არაფრის მომცემი, ორას კაციანი პერფომანსები, ეროვნული იდეისგან დაცლილ და ნეო ლიბერალურ ჩარჩოში ჩარჩენილ არასამთავრობოებთან ერთად.
თუ შენი მოთხოვნები და საქმე სწორია, რად უნდა ორი თვე “გრანდიოზული” მიტინგის დაანონსებას, რეგიონებში გასვლის მოტივით ! რომელი საუკუნეა ბოლოს და ბოლოს. რა ინტერნეტი და ტელეეთერი რაიონებში არა აქვთ, თუ მათი მხარდამჭერი მედია სივრცე დახშულია ან ვინმემ დაუბლოკათ?!
როდესაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები რეგიონებში გადიოდნენ და პროკლამაციებს თუ არალეგალურად დაბეჭდილ ლიტერატურას ავრცელებდნენ, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მათ ამ მოძრაობას წმინდა საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა, კომუნისტური იდეოლოგიის საპირწონედ, რადგან იმ პერიოდში დამოუკიდებელი არც ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზიები და არც ინტერნეტი არ არსებობდა.
იმ წლებს სულაც თავი რომ დავანებოთ, ნაციონალების ზეობისას 2007-2009 წლებში როდესაც მართლა მასშტაბური, 150-200 ათასიანი მიტინგები იმართებოდა, ძირითადი ბირთვი პროტესტანტებისა თბილისზე მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდანაც ხდებოდა. იმ პერიოდში კუდ-ის მხრიდან განსაკუთრებით, რეგიონებში ხალხის დაშინებების და ოჯახებზე ზეწოლის გამოც, ფინანსური ხასიათის ხარჯებს თავი რომ დავანებოთ.
თბილისი დღესაც მეგაპოლისია, თავისი მილიონ ნახევრიანი მოსახლეობით, განსხვავება კი ის არის, რომ ადამიანებს ალტერნატივა სჭირდებათ და არა ხვალინდელი დღის გაუგებარი მესიჯ-ბოქსები, არა უბრალოდ დაპირებები, არამედ რამდენად ხარ მათი აღმსრულებელიც ანუ დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა!. ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს რომელიმე მათგანის ხილვა საპარლამენტო სავარძელში, მით უმეტეს ჯეიმს ბონდად ან ერნესტო ჩე გევარად არც ერთი არ უქნია ღმერთს! არც ხაბე, არც ხაზარა, ჯაფარა თუ ჯუნიორ ვაშაძე!
ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი თავისებურ ჰიტად ქცეული, თბილისელი აშუღის, იეთიმ გურჯის ეს ცნობილი ლექსიც ამ პოსტის დაწერისას გამახსენდა. მისი ეს სიტყვები, კი მხოლოდ მართალმა კაცმა შეიძლება თქვას: რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია? ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები