მეუფე სტეფანე: პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს – ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ
პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს – ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.
„პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მოსაყდრეს აქვს ორი ხმა ან პატრიარქის ერთი, მაგრამ გადამწყვეტი ხმა, მეუფე სტეფანე პასუხობს: „არა… ვინ თქვა რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს, უბრალოდ უწმინდესისგან წარდგენილია როგორც მოსაყდრე“.
„პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა. რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.