ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს, სადაც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ შეჭრას.

საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას!

კიდევ ერთხელ, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა სამუშაო დღეებში, 15:00-დან 17:00 საათამდე მოენახულებინა აქ მყოფი ცხოველები!

ამ გარემოების გათვალისწინებით, ძალადობრივი შეჭრის აუცილებლობა არ არსებობდა, რაც სააგენტოს შეფასებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება იყო პროვოცირებული და წინასწარ ორგანიზებული.

ფაქტს წინ უძღოდა სააგენტოს დისკრედიტაციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ბრალდებები, თითქოს მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მიმართ ადგილი ჰქონდა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას.

მიუხედავად არსებული დაძაბული ფონისა, ვითარების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, თავშესაფრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა გამოთქვეს მზაობა მოქალაქეებისთვის თავშესაფრის ტერიტორიის სრულად დათვალიერების.

მოქალაქეთა შეყვანა თავდაპირველად მიმდინარეობდა ეტაპობრივად და კონტროლირებად რეჟიმში, რათა ყველა დაინტერესებული პირი ადგილზე გაცნობოდა რეალურ ვითარებას.

თუმცა, ამის მიუხედავად, ვითარება გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც აღნიშნულმა ჯგუფმა პროვოკაციული მოქმედებები განახორციელა და თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მასობრივ და არაკონტროლირებად შეჭრას.

მათ შეჭრის პროცესში თვითნებურად გახსენს ვოლიერები და გამოუშვეს დაავადებული და ტრავმირებული ცხოველები.

ასევე, უნებართვოდ მოხდა დაკბენებისათვის განკუთვნილ იზოლირებულ სივრცეში შესვლა და იმ ცხოველების გაყვანა, რომლებიც კანონითა და შესაბამისი რეგულაციებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადით იმყოფებოდნენ ცოფზე დაკვირვების მიზნით, რაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი ქმედებაა.

ქაოსურმა და აგრესიულმა გარემომ ცხოველებში გამოიწვია ძლიერი სტრესი და პანიკა, რის შედეგადაც, ერთ-ერთ ძაღლს განუვითარდა ეპილეფსიური შეტევა.

ამ პროცესში თავშესაფრის ვეტერინარებსა და თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დროულად გაეწიათ შესაბამისი დახმარება დაზიანებული და ავადმყოფი ცხოველებისთვის!

შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და სააგენტოს საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ვითარების განმუხტვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც მოქალაქეთა გაყვანა უზრუნველყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და ყველა პასუხისმგებელი პირის ქმედებაზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება”,- წერია განაცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები