თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის განკარგულებით, ალასკის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ალასკის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

„თავდაცვის დეპარტამენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა ალასკის საჰაერო სივრცის მაღალ ობიექტს“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ობიექტი  40 000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა და „სამოქალაქო ფრენის უსაფრთხოებას გონივრულ საფრთხეს უქმნიდა“.

როგორც მან აღნიშნა, პენტაგონის რეკომენდაციით, ბაიდენმა სამხედროებს ობიექტის ჩამოგდება უბრძანა.

„ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია, მაგრამ ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა“, – განაცხადა კირბიმ.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, თავდაცვის დეპარტამენტს არ აქვს დეტალები ობიექტის „შესაძლებლობების, დანიშნულების ან წარმოშობის შესახებ“.

ჯონ კირბის თქმით, ობიექტი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჩინური ჯაშუში-ბუშტი, რომელიც 4 თებერვალს სამხრეთ კაროლინის სანაპიროზე ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები