ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების მიერ ნასროლი სულ მცირე 70 რაკეტიდან, 60 ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მათი ქვეყნის მიმართულებით, დღეს, სულ მცირე 70 რაკეტა ისროლეს, საიდანაც მინიმუმ 60-ის ჩამოგდება შეძლეს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ოკუპანტების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

„დღეს მტერმა მორიგი მასიური შეტევის დროს, სულ მცირე 70 რაკეტა გვესროლა. სულ მცირე 60 რაკეტა ჩამოგდებულია. მათი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. სამწუხაროდ, ზოგი მიზანშიც მოხვდა და არის მსხვერპლი. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებსა და მეგობრებს!

რამდენიმე რუსული რაკეტა მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში გაფრინდა. დღევანდელი რაკეტები ნატოს, კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. სამყარომ უნდა შეაჩეროს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს საზენიტო მებრძოლს, ყველას, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები