მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, – ამის შესახებ სანდუმ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას ახალი სიცოცხლე სჭირდება. ახალმა მთავრობამ უსაფრთხოების დონე უნდა გაზარდოს და მოლდოვა თავისუფალი ქვეყნების სამყაროში შეინარჩუნოს. […] მე გავმართე კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დორინ რეჩანი დავასახელე“, – განაცხადა სანდუმ.

თავის მხრივ, დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს პროგრამის მომზადებას ახალი კაბინეტისთვის. მან სამი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა.

„პირველი არის წესრიგი და დისციპლინა სახელმწიფო ინსტიტუტებში, ისინი უნდა ემსახურონ მოქალაქეებს და ბიზნესს. დიახ, არის წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ მას დავძლევთ. მეორე არის ეკონომიკისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ეს ნიშნავს ბიზნესში, მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიციებისთვის მეტ რესურსს. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის გზა, მაღალი ხელფასები. მესამე, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უსაფრთხოების სექტორი, რათა ყველა ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა რეჩანმა.

შეგახსენებთ, რომ ნატალია გავრილიცამ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გავრილიცამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კვლავ „ხალხის სამსახურში“ დარჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები