მოლდოვის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
მოლდოვის პრემიერმინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ხელისუფლებაში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, თანამდებობიდან ჩემი გადადგომის დრო დადგა”, – თქვა მან.
გავრილიცას თქმით, მოლდოვის მთავრობა სარგებლობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ვერ დაინახა.
გავრილიცამ აღნიშნა, რომ მოლდოვა თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და ევროინტეგრაციის პროცესზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ წლის ბოლომდე დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ უნდა გაამახვილოს ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში.
გავრილიცასთან ერთად, ავტომატურად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც გადაყენებულად ითვლება.
მაია სანდუმ ნატალია გავრილიცას განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
კანონის თანახმად, მოლდოვას პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატის ასარჩევად კონსულტაციები უნდა დანიშნოს საპარლამენტო პარტიებთან. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თავისი გუნდი და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. მას თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაამტკიცებენ, თუ 101-დან 51 დეპუტატის მხარდაჭერას მიიღებს.
მმართველ პარტიას პარლამენტში 63 მანდატი აქვს.