გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე თქვა, რომ ეს არის “ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურება”.
ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში განაცხადა.
”ჩვენ ვგლოვობთ მრავალი ადამიანის დაღუპვას. ტრაგიკულად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ათასობით შენობა განადგურდა. ათიათასობით ადამიანი ზამთრის ცივ პირობებში იმყოფება. დანგრეულია სკოლები და საავადმყოფოები. ბავშვები უამრავ ტანჯვას განიცდიან“, – თქვა მან.
გუტერეშის თქმით, მსოფლიომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააცნობიერა მიწისძვრით გამოწვეული განადგურებისა და ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბები, „ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურება“.
გუტერეშმა ასევე თქვა, რომ სირიაში ხალხი „კოშმარს კოშმარზე განიცდის“, ხალხი, რომელიც ამჟამად უკვე მიწისძვრის შედეგებს ებრძვის.
გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ თურქეთი “უპრეცედენტო კეთილშობილებას იჩენს”, როდესაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს მასპინძლობს. მისი თქმით, გაერო „მზადაა ნებისმიერი დახმარება გაუწიოს თურქეთის მთავრობას“.
გუტერშმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გამოავლინოს იგივე „მხარდაჭერა და კეთილშობილება“ თურქეთისა და სირიის ხალხის მიმართ, რაც ანკარამ გამოავლინა მილიონობით დევნილი ლტოლვილის მიმართ.
„ახლა დროა მხარი დავუჭიროთ თურქეთისა და სირიის ხალხს,”- დასძინა ანტონიო გუტერეშმა.