საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისას უკეთესია “უფრო სასარგებლო” და “სწრაფი” იარაღის მიწოდება, ვიდრე საბრძოლო თვითმფრინავებია.
ამის შესახებ მან ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, – წერს BFMTV.
მისი თქმით, უახლოეს კვირებში მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება “არავითარ შემთხვევაში” არ შეიძლება, თუმცა, იქვე დასძინა, რომ “აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ”.
მაკრონის თქმით, „ეს არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნილებებს“. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკეთესია უკრაინის დახმარება სხვა „პრიორიტეტებში“, მაგალითად, Caesar-ის მიწოდებით, რაზეც გასულ კვირას იყო საუბარი.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ 8 თებერვალს პარიზში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა “ძალიან ღრმა და ძალიან ზუსტი დისკუსია” და ხაზი გაესვა, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს “ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინა გადარჩეს უახლოეს კვირებში”, ასევე, “ჩატარდეს სასარგებლო ოპერაციები გაზაფხულსა და ზაფხულში, თუ გვსურს, პარალელურად, დიპლომატიური ქმედებების განხორციელება”.
”მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა პრიორიტეტად მიიჩნიონ ყველაზე სასარგებლო და სწრაფი მასალები,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ მიწოდებული, Caesar-ის იარაღი და საშუალო მანძილის საზენიტო სარაკეტო სისტემები MAMBA ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
მისი თქმით, აუცილებელია, გააქტიურდეს „საარტილერიო ელემენტების მიწოდება, რომლებიც შესაძლებელს გახდის სახმელეთო თავდასხმას ან წინააღმდეგობას“.