დიდი ბრიტანეთი არ გაგზავნის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინაში, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
დიდი ბრიტანეთი არ გაგზავნის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინაში, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება [საბრძოლო] თვითმფრინავების მიწოდების კუთხით. დიდი ბრიტანეთი Challenger-ის ტანკების მიწოდების პროცესშია და ჩვენ ასევე მივაწოდეთ [უკრაინას] უფრო შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს გულმოდგინედ ვიღებთ და ამას გააზრებულად ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით პოტენციური ესკალაციის რისკების შესახებ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის საუკეთესო და სწრაფი გზა უკრაინის დასახმარებლად ამ ომის დასასრულებლად, რაც აშკარად ყველას ინტერესებშია. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით და აგრძელებს უკანონო ომს უკრაინაში“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
„დიდ ბრიტანეთს „ტაიფუნებისა“ და F-35-ების მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რაც საფრთხეს შეუქმნის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.