ზელენსკი: უკრაინას სჭირდება თანამედროვე ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები
უკრაინას უსაფრთხოების დასაცავად თანამედროვე ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოება ასევე ევროპის უსაფრთხოებაა.
„ჩვენ გვჭირდება საარტილერიო იარაღი, საბრძოლო მასალა, თანამედროვე ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობის დინამიკა“ და ვიმოქმედოთ „აგრესორზე უფრო სწრაფად“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიუხედავად ეჭვებისა და დისკუსიებისა, გასულ „საშინელ“ წელს ევროპამ მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღო.
„უსაფრთხოებისთვის ასეთმა თანამშრომლობამ ნებისმიერი აგრესორისთვის ისტორიული მაგალითი შექმნა. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები თქვენი მხარდაჭერით რუსეთის ტერორს ებრძვიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ ის ბრიუსელში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი იქნება განხილული.