“პუტინს არცერთი შანსი არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “უკრაინა უკვე დაკარგა” და დასძინა, რომ უკრაინის დახმარება განუსაზღვრელია.

ამის შესახებ მან PBS NewsHour-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“პუტინს არცერთი შანსი არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა. მას ეგონა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილად მიესალმებოდა მას და ეტყოდა: „მობრძანდით“. და მეორე, ის ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა, ნატო არაფერს გააკეთებდა, მას მოქმედების შეეშინდებოდა. დაეშვით მიწაზე, მსგავსი არაფერი მომხდარა”, – თქვა ამერიკის ლიდერმა.

როგორც ბაიდენმა თქვა,  ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის.

ამავე ინტერვიუში ბაიდენმა რესპუბლიკელი დეპუტატების ნაწილის კრიტიკასაც უპასუხა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინაში დიდი ოდენობით ამერიკული დახმარება მიდის.

PBS-ს ჟურნალისტმა, ჯუდი ვუდროფმა გაიხსენა დეპუტატი ჯიმ ჯორდანი (ოჰაიო), რომელმაც თქვა, რომ ჯობს, უკრაინაზე დახარჯული თანხები ამერიკელებს მოხმარდეს, რაზეც ბაიდენს გაეცინა.

”თუ ამ ბიჭებს არ სურთ უკრაინის დახმარება, მე მესმის, რომ მათ არ სურთ ამის გაკეთება. მაგრამ რას გააკეთებენ ისინი, როდესაც რუსეთი უკრაინაში, ბელარუსში ან კიდევ სხვაგან შევა?”, – დასძინა მან.

კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის დახმარება განუსაზღვრელი ვადით, ბაიდენმა უპასუხა: ”დიახ, ასეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები