ზელენსკი და მაკრონი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ერთად ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრონი ბრიუსელში ჩავიდნენ.

ლიდერებს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დახვდა.

“მოგესალმებით ბრიუსელში, ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი. ევროპული ოჯახის გულში, რომელსაც უკრაინა მიეკუთვნება”, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ტვიტერზე”.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები მხარს დაუჭერენ უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ყოველ ნაბიჯზე.

ზელენსკი დღეს სიტყვით ევროპარლამენტში გამოვა, ასევე, ევროკავშირის სამიტს დაესწრება.

უკრაინის ლიდერი 8 თებერვალს დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც პრემიერს, რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ მესამედ შეხვდა, ასევე, ქვეყნის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

საღამოს ის პარიზში გაფრინდა, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები