ადვოკატი: ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფებოდა – ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ გამოსულიყო, ჩაბარებოდა და თავის საქმეზე ებრძოლა

“საქართველოში იყო, ქვეყნის ფარგლები არ დაუტოვებია. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა. ანუ, როგორც მაქვს ინფორმაცია, ძირითადი პერიოდი ის აქ, საქართველოში იყო”,- ამის შესახებ “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. როგორც იცით, მისი ძმა, ბიძინა ესებუა გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე იყო დაკავებული. ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მათზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო, თორემ როგორც განმიმარტა, მას ჰქონდა გამოსვლის სურვილი, ჩაბარებოდა და შესაბამისად, თავის საქმეზე ებრძოლა. საქართველოში იყო, ქვეყნის ფარგლები არ დაუტოვებია. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა. ანუ, როგორც მაქვს ინფორმაცია ძირითადი პერიოდი ის აქ, საქართველოში იყო”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები