“ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვესაუბრე და აღვნიშნე, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას” – შალვა პაპუაშვილი

“ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შევხვდი.

დადებითად შევაფასეთ აფრიმ გაშის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მან აფრიმ გაშის მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.

“აფრიმ გაშიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს ერთმანეთის შესახებ – მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეტი გაიგონ საქართველოს მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.

განვიხილეთ ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები. აფრიმ გაშიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად, ევროკავშირის მხრიდან უფრო კონკრეტული, პროგნოზირებადი პროცესის მოლოდინი აქვს. მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მთავარი მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს, ხოლო ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვესაუბრე და აღვნიშნე, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ასევე, ყურადღება გავამახვილე საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.

აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა.

გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ განხილვები, აგრეთვე, გაგრძელდეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

აფრიმ გაშიმ ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მიმიწვია”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები