ოთარ დანელია კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში ,,აისი’’ იმყოფებოდნენ და კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს სტუდენტთა პანსიონი და სხვადასხვა საწარმო, სახელოსნო: ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო; ვეტერინარული მომსახურების ასოციაცია; მეცხოველეობის ფერმა; ხის დამამუშავებელი საწარმო; ღვინის სახლი; ავტოსარემონტო სახელოსნო; აგროტურიზმის ცენტრი; დღეისათვის კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონის, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. სოფლის მეურნეობის მინისტრი კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებო – პროფესიულ და მოდულური სწავლების საპილოტე, მოკლევადიან პროგრამებს გაეცნო. პროფესიულ სასწავლებელში მოკლევადიანი (2 თვე) საზაფხულო სასწავლო კურსები ტარდება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ფერმერული მეურნეობის მართვა; მეღვინე-მევენახე; ვეტერინარი; მეხილეობის სპეციალისტი; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალისტი; ოთარ დანელიამ კოლეჯ „აისთან“ შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლების არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას.