გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის 190 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 79 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 59 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 სამართალდარღვევა, იმერეთში – 30, ქვემო ქართლში – 23, აჭარაში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთშიც – 10, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა; ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქში. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 71 ფაქტი.
ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.