“მაკრონი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც თქვა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამცირება თავიდან უნდა იყოს აცილებული.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა პარიზში ვიზიტამდე, გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
„ვფიქრობ, ის შეიცვალა, ნამდვილად შეიცვალა“, – უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ აღიქვა მაკრონის სიტყვები იმის შესახებ, რომ “რუსეთის დამცირება არ შეიძლება”.
გასული წლის ივნისში მაკრონმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს რუსეთის დამცირება, რომ როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდება, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა მოხერხდეს.
„საბოლოოდ, სწორედ მაკრონმა გაუხსნა გზა ტანკების მიწოდებას და მან ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. ვფიქრობ, ეს იყო რეალური სიგნალი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დიდი ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერმინისტრ რიში სუნაკსა და მეფე ჩალზ მესამეს შეხვდა, ასევე, პარლამენტს სიტყვით მიმართა.
ამის შემდეგ ის პარიზში ემანუელ მაკრონთან შესახვედრად გაფრინდა.
დღეს კი უკრაინის ლიდერს ბრიუსელში ელოდებიან.