ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზე: რატომღაც, მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა

“ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. რატომღაც, მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, განცხადება თავიდან “ფეიკი” ეგონა.

„რატომღაც, მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს… თავიდან „ფეიკი“ მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა და იხუმრა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცეპრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები