AFAD: თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7108-მდე გაიზარდა, თითქმის 41 ათასი დაშავებულია

თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7108-მდე გაიზარდა, ასევე, 40 910-მდეა გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა.

ინფორმაცია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ (AFAD) განაახლა. მანამდე, 6234 დაღუპულის და 37 011 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

უწყების მონაცემით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო პროცესში 96,670-ზე მეტი ჯგუფია ჩართული.

„თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, სტიქიის ზონაში სხვა ქვეყნებიდან დასახმარებლად 5309 სამხედრო მოსამსახურე იქნა გაგზავნილი“, – აღნიშნავენ უწყებაში.

სამაშველო ჯგუფების გარდა, დაზარალებულ რაიონებში ასევე გაიგზავნა საბნები, კარვები, საკვები და ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფები.

AFAD-ის ცნობით, გადარჩენილთა თავშესაფრისთვის სულ 50,818 საოჯახო კარავია გაშლილი.

სტიქიის ზონაში ასევე 5434 ერთეული ტექნიკა გაიგზავნა, მათ შორის, ექსკავატორები, ტრაქტორები და ბულდოზერები.

მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი დღეს სტიქიის ზონაში ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები