დავით უსუფაშვილი არგენტინაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ლათინურ ამერიკაში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პარაგვაის შემდეგ ქართველ კანონმდებელთა ოფიციალური დელეგაცია არგენტინის რესპუბლიკას ეწვია და პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ეკტორ ტიმერმანთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. დაისახა რამდენიმე საინტერესო გეგმა თუ როგორ უნდა წარიმართოს და განვითარდეს ურთიერთობები არგენტინის რესპუბლიკასთან როგორც საპარლამენტთაშორისო, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით.
ქართველმა დეპუტაციამ შეხვედრაზე დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების და საქართველოში არგენტინის საელჩოს გახსნის საკითხიც დააყენა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი პოზიტიურად გამოეხმაურა. “არგენტინა სერიოზული მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში, იგი წამყვანი სახელმწიფოა ლათინურ ამერიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, იგი არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების ერთგული და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ საერთაშორისო არენაზე მხარს დავუჭერთ ერთმანეთის ინიციატივებს და არგენტინა მეტ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს, რასაც შესაძლოა ამ ქვეყნის საელჩოს გახსნაც მოჰყვეს”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაცია ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდნენ, რომელთა დაფარვაც არგენტინის და ბრაზილიის საელჩოებიდან ხდება. პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ბრაზილიის და კოლუმბიის ელჩებმა სხვადასხვა მიმართულებებით საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომავალ წლებში რიგი სახელმწიფოს პარლამენტების ხელმძღვანელობა მოწვეული იქნება საქართველოში, ზოგ ქვეყანას კი ქართველი დეპუტაცია ადგილზე ეწვევა. “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლათინური ამერიკა ძალიან საინტერესო რეგიონია მსოფლიოში და მათი გავლენა ცალკეულ პროცესებზე ძალიან სერიოზულია. საქართველოს ინტერესებშია რაც შეიძლება მეგობრული და ახლო ურთიერთობები დაამყაროს აღნიშნულ ქვეყნებთან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები