დავით ნარმანია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის ელჩმა დავით ნარმანიას ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა დედაქალაქის მერიის სამომავლო პროექტებში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოხატა.
„დავით ნარმანიასთან შეხვედრის შესაძლებლობა წინა პერიოდშიც მქონდა, როდესაც ის რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, მერის რანგში კი პირველად შევხვდი. მე საჭიროდ ჩავთვალე მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება. უკვე 6 თვეა ვიმყოფები საქართველოში, თბილისი ნამდვილად ასრულებს იმას რაზეც საუბრობენ – თბილისი რეგიონის მარგალიტია და მე თავად დავრწმუნდი ამაში. ამიტომ, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მერს. შეხვედრაზე ჩვენ მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოვხატეთ. თურქული მხარე მზადაა საინვესტიციო პროექტებს გაეცნოს“ – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თურქული მხარე დაინტერესებულია თბილისში ინვესტიციების განხორციელებით.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქების დაძმობილების საკითხიც განიხილეს „დაინტერესებული თურქი ბიზნესმენებისთვის მერია სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.