ცუცქირიძე: თსუ-ს პროგნოზირებისა და ანალიზის ცენტრის კვლევით დადასტურდა ოპოზიციური ნარატივის უსაფუძვლობა, ცილისმწამებლური და პოპულისტური ხასიათი სანქციებთან არ მიერთებაზე ხელისუფლების დადანაშაულებაში

ამ კვლევამაც დაადასტურა ის აღიარებული ჭეშმარიტება, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ეკონომიკის გადაწყობას, ესაჭიროება დრო და ალტერნატიული ბაზრები, ხოლო წყვეტის შემთხვევაში ეკონომიკაზე ზეგავლენა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ცალსახად ნეგატიური ფაქტორის მატარებელი ხდება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თსუ-ს პროგნოზირებისა და ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა.

ცუცქირიძის თქმით, აღნიშნული კვლევითაც დადასტურდა ოპოზიციური ნარატივის უსაფუძვლობა, ცილისმწამებლური და პოპულისტური ხასიათი სანქციებთან არ მიერთებასთან მიმართებაში, ხელისუფლების დადანაშაულებაზე.

„ძალზე საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა თსუ-ს პროგნოზირებისა და ანალიზის ცენტრმა, რუსეთისადამი დაწესებულ სანქციებზე სრულად მიერთების შემთხვევაში ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მოსალოდნელი ზარალი, მხოლოდ ორი, ყველაზე წამყვანი სფეროს: საგარეო ვაჭრობის და უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შეჩერების შედეგად, 2022 წელს 10.1 პროცენტი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად უარესი სცენარით მივიღებდით 17.1 პროცენტიან ვარდნას; შეალედური სცენარით მივიღებდით 9.6 პროცენტიან ვარდნას და თვით ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი მივიღებდით 4.1 პროცენტიან ვარდნას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დარტყმის შესამცირებლად, მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან  გარკვეული ღონისძიებებიც გატარდებოდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა;

სანქციებზე მიერთების შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორისათვის, ვინაიდან რუსეთში საქართველოს ექსპორტის თითქმის 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოშობის ექსპორტია და საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი გასაღების მნიშვნელოვან სეგმენტს დაკარგავდა;

კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა რუსეთიდან ხორბლის და მისი პროდუქტების იმპორტის შეწყვეტა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 100 პროცენტია, ხოლო მცენარეული ზეთის შემთხვევაში მთლიანი იმპორტის 90 პროცენტი რუსეთიდან ხდება.

ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა პოლიტიკური რისკების ზრდა, რაც აუცილებლად შეამცირებდა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 2022 წლის წინასწარი მონაცემებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

ჩვენ ფაქტობრივად შევიდოდით ორმაგი ვარდნის ე.წ. W ყველაზე არასასურველ სცენარში, საიდანაც გამოსვლა პრობლემური იქნებოდა, რადგან 2019 წლის დონეს უკეთეს შემთხვევაში 2025 წლისათვის თუ დავუბრუნდებოდით.

ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევდა ახალი საგარეო ვალების აღება ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად, რომ არაფერი ითქვას, გაზრდილ უმუშევრობაზე, შემცირებულ შემოსავლებზე, თუ სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებზე ზეგავლენაზე.

ამ კვლევამაც დაადასტურა ის აღიარებული ჭეშმარიტება, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ეკონომიკის გადაწყობას, ესაჭიროება დრო, და ალტერნატიული ბაზრები, ხოლო წყვეტის შემთხვევაში ეკონომიკაზე ზეგავლენა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ცალსახად ნეგატიური ფაქტორის მატარებელი ხდება.

ამ კვლევის დეტალურად პრეზენტაციას ალბათ მალე ვიხილავთ, ამ კვლევითაც დადასტურდა ოპოზიციური ნარატივის უსაფუძვლობა, ცილისმწამებლური და პოპულისტური ხასიათი სანქციებთან არ მიერთებასთან მიმართებაში, ხელისუფლების დადანაშაულებაზე.

ვახო ჭარაიას და ამ კვლევის ავტორს ნოდარ კაპანაძეს კი მხოლოდ მადლობა ეთქმით, ასეთი მნიშვნელოვანი და დროული დოკუმენტი ს შექმნისათვის!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ „თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების  ცენტრის“ დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ და ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ  ორმხრივ სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა, ნაცვლად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, მაღალი ალბათობით, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები