„სკოლას“ – გურამ ასათიანის წიგნის წარდგენა გაიმართება

6 თებერვალს, 19 საათზე, მწერალთა სახლში „ინტელექტი სკოლას“ სერიის ახალი წიგნის – გურამ ასათიანის „სკოლას“ წარდგენა გაიმართება.
ივანე ამირხანაშვილი: „გურამ ასათიანი – მეოცე საუკუნის გამოჩენილი ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი, რომელმაც უარყო ხელისუფლების მიერ დანერგილი სოცრეალიზმის პრინციპები და სათავე დაუდო ახალ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას . მისი მონაწილეობით აღდგა ლიტერატურის კვლევის ის ტრადიცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძე იცავდა – რომ „კრიტიკა არის განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად“.
ლაღი, ელეგანტური, არტისტული, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე – ასეთი იყო გურამ ასათიანი ცხოვრებაში და ასეთი იყო ლიტერატურაშიც . წერდა ნათლად, გასაგებად და ისე საინტერესოდ, რომ ნაცნობ თემასაც კი ახლიდან აღმოგაჩენინებდა. მასში იყო ისეთი რამ, რასაც ნათელხილვის უნარს უწოდებენ – საგნებს თითქოს შიგნიდან, შინაარსიდან ხედავდა .
ამის დასტურია მისი გახმაურებული შრომები „სათავეებთან“ და „როგორ უყვარდათ საქართველოში“, აგრეთვე წერილები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსებისა და თავისი თანამედროვე მწერლების შემოქმედების შესახებ. მაშ, ასე: ნაცნობი სახეები და თემები სხვა კუთხით, ახლიდან, ახლო თვალთახედვით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები