თეთრ სახლში უარყოფენ, რომ მოსკოვს, მშვიდობის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიები შესთავაზეს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უარყვეს შვეიცარიული გამოცემის Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ CIA-ს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა მოსკოვს და კიევს შესთავაზა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეწყვეტას, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის შენარჩუნების სანაცვლოდ.

ამის შესახებ The Newsweek-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის მოადგილემ, შონ დევიტმა თქვა, რომ NZZ-ის ინფორმაცია “არ არის ზუსტი”.

როგორც CIA-ს სპიკერმა Newsweek-ს უთხრა,  NZZ-ის ინფორმაცია, რომ ბერნსი იანვარში მოსკოვში ფარული ვიზიტით იმყოფებოდა და რომ მან თეთრი სახლის სახელით სამშვიდობო წინადადება წამოაყენა, “სრულიად მცდარია”.

2 თებერვალს შვეიცარიულმა გამოცემა NZZ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილება უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ, შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ კიევმა და მოსკოვმა შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა არ მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში ჯო ბაიდენმა უილიამ ბერნსს დაავალა შეამოწმოს უკრაინისა და რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ბერნსმა, სავარაუდოდ, კიევს შესთავაზა „მშვიდობა მიწის სანაცვლოდ“, ხოლო მოსკოვს – „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“. თუმცა, უკრაინამ და რუსეთმა ასეთ „სამშვიდობო გეგმაზე“ უარი თქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები