უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე, 24 თებერვლამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. ვიდრე რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება“.
„და სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების წლისთავისთვის, ჩვენ გვექნება სანქციების მე-10 პაკეტი“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს უკრაინაში მიყენებული ნგრევის ფასი, კერძოდ, მას მოუწევს თანხების გამოყოფა უკრაინის აღდგენისთვის.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვწყვეტთ როგორ გავაკეთოთ ეს“, – განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთმა თავის დანაშაულებზე პასუხი სასამართლოში უნდა აგოს.