ევროკავშირი კიდევ 15 ათას უკრაინელ სამხედროს მოამზადებს და 25 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი უკრაინაში განაღმვითი საქმიანობისთვის 25 მილიონ ევროს გამოყოფს, ასევე, კიდევ 15 ათას უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს.
ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
„რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას. მოხარული ვარ, ვაცნობო პრემიერმინისტრს დენის შმიგალს, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია EUMAM მოამზადებს დამატებით 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს, რაც EUMAM-ის მიერ გადამზადებული პერსონალის საერთო რაოდენობას 30 ათასამდე გაზრდის”, – დაწერა დიპლომატმა “ტვიტერში”.
სპეციალური სწავლება მოიცავს ტექნიკურ მომზადებას ახალი იარაღისთვის, მათ შორის, “ლეოპარდ 2″-ის ტანკებისთვის.
გარდა ამისა, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი გამოყოფს 25 მილიონ ევროს, საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე განაღმვის მხარდასაჭერად.
„მოქალაქეების და მათი საარსებო წყაროს დაცვა პრიორიტეტია”,- თქვა ბორელმა.
დენის შმიგალმა დასძინა, რომ “ეს არის აღდგენის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას რუსი ტერორისტებისაგან დეოკუპირებულ თემებში”.