ზარქუა: მივესალმებით, თუ რუსეთთან პირდაპირი რეისები აღდგება
მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” საქართველოს ინტერესებს იცავს.
“მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე. დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდულები. მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ და ამის თაობაზე არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის, არჩევნების პერიოდში, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ჰქონდათ – ვინ ვის როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. ცხადია, რომ ტანგოს სააკაშვილის რეჟიმთან ცეკვავდნენ, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ”, – თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო”.