„რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები“ – სალომე ზურაბიშვილი
უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა თითქმის 15 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაც უნდა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონული წესრიგის აღდგენა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საბოლოო დამარცხებაზე არის დამოკიდებული და ეს მომენტი, მისი აზრით, ძალიან სწრაფად ახლოვდება.
„რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთელი ომი. დანებების პირობების ფარგლებში რუსეთს სრული გასვლა თუ არ მოეთხოვება, დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს – ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.