რატი ბრეგაძე: მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც სახელმწიფოს სამართლებრივი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება
პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის კამპანიაზე საუბრისას უწყებაში გამართულ ბრიდინგზე განაცხადა.
„2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლებრივი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.
ამ კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.