იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს – ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილის რენაიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, კატეგორიულად მიუღებელია.

„მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის, ვერ ტარდება თავად პატიმრის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით არის აქტიურად დაკავებული. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის – ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ, შესაძლო, მოწამვლის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა ითქვას, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე გავუკეთეთ შეთავაზება მას, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ ხელს შევუწყობდით, თუმცა ამ შეთავაზებითაც არ ისარგებლეს მათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები