თემურ ჯანაშიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას აპროტესტებს. ჯანაშიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის თქმით, დაყადაღებულია ჯანაშიას კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში, საბანკო ანგარიშები, მისი შვილების საკუთრებაში არსებული ბინები, ასევე, ყოფილი მეუღლის ორი ბინა.
მისივე ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ჯანაშიას ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
“მოსამართლემ განიხილა ეს შუამდგომლობა, დაააკმაყოფილა და დააყადაღა როგორც თეიმურაზ ჯანაშაიას უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშები, ასევე მასთან დაკავშირებული პირების – ყოფილი მეუღლის და ორი მცირეწლოვანი შვილის ქონება. მიმაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულება”, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.