ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე განცხადება უკვე დაწერა

განცხადება რეგისტრირებულია. ცნობად უნდა მიიღოს ბიურომ, რომელიც ორშაბათს ჩატარდება, ჩვეულებრივი პროცედურაა, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არ იცის, ვინ შეიძლება, იყოს მისი შემცვლელი.

„განცხადება დაწერილი მაქვს, ეს განცხადება რეგისტრირებულია. ცნობად უნდა მიიღოს ბიურომ, რომელიც ორშაბათს ჩატარდება, ჩვეულებრივი პროცედურაა. რაც შეეხება კანდიდატურას, არ ვიცი, რასაც გადაწყვეტს თვითონ ფრაქცია, მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალბათ ჩვენს კოლეგებთან საუბარი გვექნება ამასთან დაკავშირებით. არ მისაუბრია კონკრეტულ კანდიდატურებზე ჩემს კოლეგებთან, ესეც განსახილველი საკითხი იქნება“, – ამბობს დეპუტატი.

ჟურნალისტის კითხვას – „ლევან ბეჟაშვილი აპირებს, გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ, არსებობს ამის შანსი?“ – ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, არაჩვეულებრივი კანდიდატურაა, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი სამართალმცოდნე, გამოცდილი პარლამენტარი. ამიტომ მე ლევანის კანდიდატურას მივესალმებოდი. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“, – თქვა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები