მიხეილ სარჯველაძე: ხაბეიშვილის განცხადება კომიკურია – რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა, პარლამენტში მისი ყოფნა-არყოფნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ მზადაა, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს და პარტიის ცენტრალური ოფისი “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმოს.

სარჯველაძის შეფასებით, ხაბეიშვილის განცხადება კომიკურია.

„იმდენად არასერიოზული განცხადება იყო, რომ ეს შეთავაზება თავდაპირველად უცნაურად გამოიყურებოდა. პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს? ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან არასერიოზულია, პოლიტიკურ პროცესს შეიძლება, აკნინებდეს და საზოგადოების თვალში რეპუტაციას უმცირებდეს. რამდენიმე მიზეზის გამო, ეს შეთავაზება სერიოზულად განსახილველი არ არის. ეს არ არის თემა, რომელიც ასეთი აზრთა გაცვლით წყდება და რეგულირდება. არ ვიცი, შეიძლება, ეს შეთავაზება მისთვის მისაღებია და ამ საკითხებში ვერც ერკვევა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და არ შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად. რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა, პარლამენტში მისი ყოფნა-არყოფნა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ამიტომაა ეს ყველაფერი არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ კომიკური“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები