საბერძნეთი უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ მიაწვდის
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, საბერძნეთი უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ მიაწვდის.
„ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გავუწიეთ, როგორიცაა ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა Leopard 2-ის ტანკებს არ მივაწვდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ტანკები აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ არა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების ხარჯზე“, – აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.
როგორც კირიაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, მას თურქეთთან შესაძლო კონფლიქტი არ აწუხებს.
„თუმცა, შეშფოთებული ვარ, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა უფრო რევიზიონისტული და უფრო აგრესიული, რაც, ჩემი აზრით, შეუფერებელია იმ დროს, როდესაც საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასთან უკრაინაში. ბევრი რამ, რასაც თქვენ ხედავთ, დაკავშირებულია თურქეთის მხრიდან წინასაარჩევნო რიტორიკასთან, მაგრამ მე მაწუხებს, რომ მთელი ეს [რიტორიკა] წამლავს თურქეთის საზოგადოებრივ აზრს“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.