მიხეილ სარჯველაძე: “ვივამედის” პერსონალი თავის მოვალეობას ასრულებს და კანონსაწინააღმდეგო ხერხებით ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი

ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და არსებული მდგომარეობა ვინმეს მოსწონს თუ არა, კანონსაწინააღმდეგო ხერხებით ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ კლინიკის პერსონალი წნეხის ქვეშ მუშაობს და ექიმებს კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან.

„სამწუხაროდ, საუბარია, რომ „ვივამედის“ მედპერსონალის მიმართ ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და არსებული მდგომარეობა ვინმეს მოსწონს თუ არა, კანონსაწინააღმდეგო ხერხებით ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი. ეს არის ხალხი და პერსონალი, ვინც სამედიცინო სერვისების მიწოდებას უშუალოდ ახორციელებს. თუ ვინმეს პოლიტიკური მოტივით წინააღმდეგობების გამოხატვის სურვილი აქვს, ეს არ შეიძლება ცალკეულ ადამიანთა ღირსებას უგულებელყოფდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული.

„რაც შეეხება უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებულია. რა ინფორმაციაც შეიძლება, საზოგადოებას მიეწოდებოდეს, არის ღია. მათ შორის, ყველასთვის ცნობილია სასამართლოსთან დაკავშირებული პერიპეტიები. ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც უტარდება მკურნალობა. ვიღაც აცხადებს, რომ რეანიმაციაში გადაჰყავთ. ხომ შეიძლება თქვას, რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ განცხადებას? მგონია, რომ ადგილი აქვს ანონსების წინასწარ გამოცხადებას და შემდეგ ამის მძევლები ხდებიან – ცდილობენ ამ ანონსების გამართლებას და ფაქტების დეფიციტის შევსებას. ამ შემთხვევაში სააკაშვილის გარემოცვის მიზანია აჟიოტაჟის შექმნა. საჭირო თუ გახდება სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანა თუ პალატაში დატოვება, ამის თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული და ეს ვერაფრით დაიმალება. სააკაშვილი არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მას რეკომენდებული მკურნალობის კურსს სთავაზობს. ასევე, არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაციონს. ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად შექმნის მიზანი პოლიტიკური ამოცანის გადაჭრაა“, – ამბობს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები