დავით სონღულაშვილი: ტოსკანასთან თანამშრომლობის პროცესში პრიორიტეტი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებებია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტთან, ეუჯენიო ჯანისთან და ქალაქ მონტეპულჩანოს მერთან, მიკელე ანჯოლინისთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა ტოსკანასთან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ურთიერთობების დასამყარებლად სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს მზადყოფნას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, როგორც ყველაზე პერსპექტიულ მიზნებზე პარტნიორობის დასაწყებად. პირველ ეტაპზე კი დაიგეგმა ქალაქ გურჯაანის დაძმობილება ქალაქ მონტეპულჩანოსთან (სიენა).

„მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ის ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის მრავალი წელია არსებობს. უკეთესად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ ორი რეგიონის – ტოსკანას და კახეთის მაგალითზე გვაქვს, რომელსაც ბევრი აქვს საერთო, განსაკუთრებით მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ განვავითაროთ ეს შესაძლებლობები”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ტოსკანის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას კავკასიის რეგიონში და აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.

„საქართველო დიდი ისტორიული და კულტურული ტრადიციების ქვეყანაა და გადამწყვეტ როლს ასრულებს კავკასიის არეალში. აუცილებელია ურთიერთობების განმტკიცება ევროპულ ქვეყნებთან, ეს მით უფრო აუცილებელია რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატურის განხილვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მალე დასრულდება. იმავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ურთიერთობების განვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო”, – განაცხადა ტოსკანის პრეზიდენტმა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დავით სონღულაშვილის შეხვედრა იტალიის სენატის წევრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები