გიორგი ხელაშვილი: საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას – ეს ასე გაგრძელდება

საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას, ეს ასე გაგრძელდება. სხვათა შორის, ისტორიულად, მოლდოვასაც ჰქონდა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები უკრაინასთან, დღევანდელი ურთიერთობაც არ არის მაინცდამაინც უღრუბლო უკრაინასა და მოლდოვას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცეპრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვის ვიცეპრემიერთან შეხვედრაზე განხილული იყო სამი ძირითადი საკითხი, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ერთობლივი თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

„ყველაზე უფრო დიდი საფრთხე დღეს მოლდოვისთვის არის ერთი – ენერგოკრიზისი, რომელსაც ისინი უმკლავდებიან, როგორც შეუძლიათ და, ჯერჯერობით, წარმატებით, როგორც ჩანს, ამინდმაც შეუწყო ხელი, თბილი ზამთარი იყო მოლდოვაში.

რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ, როგორც ჩანს, მოლდოვაში არის სერიოზული შიში იმისა, რომ შეიძლება, საომარი მოქმედებები მისწვდეს ამ ქვეყანას, ეს არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ გაზაფხულზე არის სერიოზული მოლოდინი არამარტო მოლდოვაში, არამედ, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ რუსეთი განაახლებს თავის სამხედრო აგრესიას უკრაინის მიმართ. ეს საფრთხე, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ, მოლდოვაში არსებობს და ისინი ძალიან სერიოზულად უყურებენ ამას. საქართველო და მოლდოვა, ამ შეხვედრიდანაც გამოჩნდა, რომ ერთნაირად უყურებენ უკრაინის კონფლიქტს და ერთნაირად მოქმედებენ ამ ომთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას და ეს ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, სხვათა შორის, თვითონ მოლდოვასაც ჰქონდა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები უკრაინასთან, დღევანდელი ურთიერთობაც არ არის მაინცდამაინც უღრუბლო უკრაინასა და მოლდოვას შორის, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ისე როგორც ჩვენ, რომ ეს გარკვეული უთანხმოებები მთავრობასთან კიევში გვერდით გადავდოთ, რადგან უკრაინას ყველაზე მეტად დღეს საერთაშორისო დახმარება სჭირდება“, – განაცხადა ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები