ბექა დავითულიანი: სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა ლევან ხაბეიშვილია, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს

სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა არის ლევან ხაბეიშვილი, ჩემი აზრით, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბუნების კანონია და ძალიან სწორია, რომ ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. ამის შედეგი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულებს სამარცხვინოდ თავის მოღვაწეობას ამ ქვეყანაში.

„ნიკა მელიას გადასაწყვეტია, მაგრამ ადამიანს, ჩემი აზრით, თუ რაღაც ოდნავი ღირსება, თავმოყვარეობა გაქვს, ასეთი წაგების შემდეგ ლევან ხაბეიშვილთან არ უნდა დაგედგომებოდეს. სიმართლე გითხრათ, ნიკა მელიასაც რომ გაემარჯვა ამ პარტიაში, კარგი დღე მაინც არ დაადგებოდათ, რადგან მათი ბედი დიდი ხანია, უკვე გადაწყვეტილია. ახლა, უბრალოდ, შიგნით მცირე რესურსს ჭამენ, რაც აქვთ დარჩენილი საკუთარ თავში. აი, როგორც სიმსივნე ორგანიზმს შიგნიდან ჭამს, დაახლოებით იმავეს უკეთებენ ამ პარტიის წევრები თავის პარტიას, რაც სწორია. იმიტომ, რომ როცა ვერ ამბობ უარს ვანო მერაბიშვილზე, ვერ ამბობ უარს დავით კეზერაშვილზე, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თარიღს ამთხვევ შენს არჩევნებს და ამაზე არც კი გიფიქრია, ერთი ბოდიში არც ერთხელ არცერთი შენი რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანის ოჯახისთვის არ მოგიხდია, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ბუნების კანონებს ვერაფერი ვერ შეცვლის. ბუნების კანონია და ძალიან სწორია, რომ ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. ამის შედეგი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულებს სამარცხვინოდ თავის მოღვაწეობას ამ ქვეყანაში. რაც ამ ქვეყნისთვის ცუდი არ არის, თორემ სხვანაირად რომ მეგონოს, ნამდვილად არ ვუსურვებდი ასეთ პერსპექტივას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები