Al Arabiya: ისპაჰანში ობიექტებზე თავდასხმის გამო, ირანის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს
თეირანში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დრონებით ირანული ობიექტების დაბომბვის გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის შესახებ Al Arabiya იტყობინება.
მედია განმარტავს, რომ დაბარების მიზეზი გახდა მომხდართან დაკავშირებით უკრაინაში გაკეთებული კომენტარები.
29 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგებს ვერ გაექცევიან ვერც მისი მონაწილეები და ვერც ავტორები.
“ომის ლოგიკა შეუპოვარი და მომაკვდინებელია და მძიმე გადასახადებს უწესებს ავტორებსა და თანამზრახველებს. პანიკა რუსეთში: გაუთავებელი მობილიზაცია, სარაკეტო თავდაცვა მოსკოვში, სანგრები 1000 კმ მანძილზე, თავშესაფრების მომზადება. ფეთქებადი ღამე ირანში: დრონებისა და რაკეტების წარმოება, ნავთობის გადამუშავება. უკრაინა ხომ გაფრთხილებდათ“, – აღნიშნა მან.