პარლამენტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა.

„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პრიორიტეტი არის და ყოველთვის იქნება ასეთი ფონდების მხარდაჭერა, ვინაიდან თითოეული ლარი, იქნება ეს ინვესტიციის თუ ქველმოქმედების სახით ჩადებული ქართულ განათლებაში, ხელს უწყობს განათლების სისტემის გაუმჯობესებას და ჩვენი მომავალი თაობებისთვის უკეთესი საგანმანათლებლო პირობების შექმნას”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ფონდის პრეზენტაციაზე.

მან ფონდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომიტეტი მზად არის განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისთვის ფონდთან ითანამშრომლოს. პრეზენტაციაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უმაღლესი განათლების განვითარებაში საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფონდის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფონდი აფინანსებს ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს.

„განათლების კომიტეტმა პოპულარიზაცია გაუწია ფონდის საქმიანობას, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს განათლების, ჯანდაცვის სისტემაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების და სხვა სფეროში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ მოწვეულ სტუმრებს ფონდის საქმიანობა გააცნო.

„ჩვენი მიზანია ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული. ვაპირებთ ფაკულტეტების და სტიპენდიატების რაოდენობის ზრდას. გვაქვს საინტერესო პროექტი საჯარო სკოლებისთვის. ასევე, საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი პროფესიული კოლეჯების მიმართულებით”, – განაცხადა ლევან ბექაიამ.

ფონდი 2021 წელს დაარსდა და მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა. დღეისათვის ფონდს თანამშრომლობის მემორანდუმი 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული. დაარსების დღიდან ფონდმა 48 სტიპენდია და 11 პრემია გასცა. დღევანდელ ღონისძიებაზე საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული 8000-ლარიანი პრიზით ორი სკოლა დაჯილდოვდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები