ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ვიდეო გამოვაქვეყნე იმის დასამტკიცებლად, რომ არანაირი ფილტრი არ იყო და ტყუილს ლაპარაკობდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ვიდეო გამოვაქვეყნე, რათა დამემტკიცებინა, რომ არანაირი ფილტრი არ იყო და ტყუილს ლაპარაკობდნენ – მთელი ეს არჩევნები იყო ფარსი”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ რატომ დასჭირდა ამ ფარსის მოწყობა, ეს მათი საქმეა.

„ტყუილს თუ არ გაავრცელებდნენ, ვიდეოს არ დავდებდი, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა, მაგრამ საუბარი დაიწყეს, რომ არჩევნები გაფილტრულია, სანდოა და ეტალონია იმის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. მთელი ეს არჩევნები იყო ფარსი და „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ დასჭირდა ამ ფარსის მოწყობა, ეს მათი საქმეა. მეორე ტურს ათასი ხმა წყვეტდა და ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ათასი ბოტი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დადგებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩეულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. რაში გაცვალეს არჩევნები, ამაზე საუბარი შემდეგ შეგვიძლია. ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი, რასაც გავამართლებდი, მიხეილ სააკაშვილზე ვაჭრობაა, ყველა დანარჩენი, ღალატი იქნებოდა. თუ მიშას უშვებენ, დაიწყება კამპანია, რომ გადასაყვანია. თუ „ნაცები“ „ქოცებთან“ მიხეილ სააკაშვილზე „დალაგდნენ“, მესმის, რომ ეს ლეგიტიმურია. თუ მიშას ციხიდან გამოუშვებენ, უნდა მივულოცოთ, რომ კარგად ივაჭრეს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, გაყალბებული არჩევნებია და თუ უნდათ, პარტიიდან წავიდნენ. „ნაცები“ მთლიანად „ჩაბარდნენ“ „ქართულ ოცნებას“, თუ სააკაშვილს გამოუშვებენ. ეს კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში – არაფერს მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები