რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ 2026 წლის შემდეგ აშშ-თან დადებული ბირთვული ხელშეკრულება შეწყდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, “შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულება” (New START), შესაძლოა 2026 წლის შემდეგ შეწყდეს.

“ეს საკმაოდ სავარაუდო სცენარია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონის მხრიდან საკმაოდ გააზრებულ, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლების, ელემენტების მიზანმიმართულ დემონტაჟს ვაკვირდებით. ამ კურსის მსხვერპლი შესაძლოა, შეთანხმება გახდეს. ჩვენ მზად ვართ ასეთი სცენარისთვის. ჩვენ მას ვიაზრებთ, მათ შორის, იმ შედეგების თვალსაზრისით, თუ როგორ და რა კონტექსტში დაგვჭირდება ჩვენი მუშაობის ფოკუსირება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაზე”, – თქვა მან.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს 10 წლის ვადით მოეწერა. 2021 წელს მისი მოქმედება კიდევ ხუთი წლით გაგრძელდა და 2026 წლის თებერვალში იწურება.

შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება ასეთი სახის ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ზღუდავს რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების სტრატეგიულ ბირთვულ ქობინების რაოდენობას, რუსეთისთვის 700 ერთეულამდე, ხოლო აშშ-სთვის 1550-მდე.

ხელშეკრულება შესაძლოა, 5 წლის ვადით, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში გახანგრძლივდეს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დოკუმენტის გაგრძელებაში დაინტერესებული არ იყო, მაგრამ ჯო ბაიდენმა მის გახანგრძლივებას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები