გიორგი ვოლსკი: ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში
“ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია.
„ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია, როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია. კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.