მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილი ხვდება, რომ დაშვებული აქვს უმძიმესი შეცდომა, როცა ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა გადაწყვიტა, ახლა ცდილობს, ამ ამბავში სხვა დამნაშავე იპოვოს
„მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ დაშვებული აქვს უმძიმესი შეცდომა, როცა საქართველოში ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა გადაწყვიტა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.
მისივე თქმით, შეცდომის ავტორი თავად სააკაშვილი და მისი გარემოცვაა.
“როგორც ჩანს, აღიქვამს, რომ ეს შეცდომა იყო და ახლა ცდილობს, ამ ამბავში სხვა დამნაშავე იპოვოს, თუმცა, ამ შეცდომის ავტორია სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომელთაც აფიქრებინეს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, როცა საინტერესოა დესტრუქციული გეგმის შეთავაზება. ეს შეცდომა იყო. ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ასეთი დესტრუქციული გეგმის შეთავაზება და ამ მიზნით საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისთვისაც მისი საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა. სააკაშვილი ამბობს: “Არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ”.