გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, აშშ-ში სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, ჯეიმს ბეიკერს და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს, ენდრიუ ჰორსფოლს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ნინო აღლემაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე, მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ჯეიმს ბეიკერმა და ენდრიუ ჰორსფოლმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს; ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მართლმსაჯულების განვითარების პროცესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის როლს დაეთმო.
გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამერიკელ სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები