WSJ: დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ დრო შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდეს

დასავლელი ლიდერების გადაწყვეტილების მიღმა, მკვეთრად შეცვალონ ტაქტიკა და მნიშვნელოვნად გაზარდონ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, შესაძლოა, იყოს შიში, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დასავლელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის შესაძლებლობების ფანჯარა უსასრულო არ არის და იმისთვის, რომ მოხდეს ომში გარდატეხა, კიევს რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის, საბრძოლო ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

“დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ მძიმე ზამთრის, სამხედრო დანაკარგების და სანქციების გამო, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მოსკოვი შეეცდებოდა კონფლიქტის დასრულებას და მშვიდობისთვის შესაძლებლობების ძიებას.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ გათვლამ არ გაამართლა: უკრაინაში შეჭრის დაწყების პირველი წლისთავი ახლოვდება და მოსკოვი, დანაკარგებისა და დაწესებული სანქციების მიუხედავად, როგორც ჩანს, უკრაინაში ახალი შეტევის დაწყებას აპირებს.

რამდენიმე დასავლელი ლიდერი მიიჩნევს, რომ კრემლს, რომელიც მზად არის მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, შეუძლია – გაიმარჯვოს ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტის ტაქტიკის დაცვით.

შესაძლოა, კრემლში ელოდებიან, რომ დროთა განმავლობაში ევროპისა და შეერთებული შტატების მოსახლეობას სულ უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნება უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხნის მანძილზე შესაძლოა, ლიდერები და მთავრობები შეიცვალოს”, – ნათქვამია მასალაში.

როგორც სტატიაშია ხაზგასმული, დასავლეთი ჯერ ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ კრემლი, სანქციების გამო, კონფლიქტის შეწყვეტაზე ფიქრობს. ასევე, დასავლელ პოლიტიკოსებს ესმით, რომ რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი რესურსი, დასავლური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე, იარაღის წარმოების დასამყარებლად და მობილიზაციის ახალი ტალღის გამოსაცხადებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები