ვოლსკი – ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: დაბალანსებული ტექსტია, სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის
რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია, სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
„რეზოლუცია ხაზს უსვამს იმას, რომ პროგრესი არის თვალშისაცემი, შესამჩნევი და მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას ამ მიმართულებით და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას გამოკვეთს იმისათვის, რომ მეტი იყოს მიღწეული, უფრო აქტიური მუშაობა იყოს. რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის, თუმცა ჩვენი პოლიტიკური დღევანდელობა ვერ იქნება სპეკულაციების გარეშე. რეზოლუცია სწორად ორიენტირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება დეტალებს, ვინ როგორ მუშაობს, იმაზე საუბარს, რომ სახალხო დამცველის არჩევა საგანგებოდ, სპეციალურად გარკვეული სტრატეგიული მიზნით ჩაიშალა, რასაკვირველია, ამ თემებზე კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან.
რაც შეეხება პოლარიზაციას, შემიძლია დავადასტურო, რომ პირადად მე და საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია პოლარიზაციით. ეს მოცემულობა რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა გარკვეული მიზნებით. ეს პოლიტიკური მიზნები დამალული არ არის, პირდაპირ აცხადებენ, თუ რა არის მათი პოლიტიკური მიზანი – დესტაბილიზაცია და ფიზიკური დაპირისპირება, რომელმაც ხელისუფლება უნდა შეცვალოს”,- განაცხადა ვოლსკიმ.