ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს – მათი თვითმიზანია ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის წარმოება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ტინი კოქსს პრორუსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილს პასუხობს:
„რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ეს ნიშნავს, რომ მათი თვითმიზანია ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკის წარმოება. ყველამ კარგად იცის, თუ რა პოზიციები აქვს ტინი კოქსს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ თავდასხმას. ნახეთ, რომ ამ კანდიდატურის ყველა მხარდამჭერი მოხსენიებული იყო, როგორც კრემლის გეგმების თანამზრახველი, რაც აბსურდია. მით უფრო, რომ ტინი კოქსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ასამბლეის 80%-ზე მეტმა“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ტინი კოქსის კანდიდატურას 219 ევროპარლამენტარიდან მხარი 175-მა დეპუტატმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს კი მხოლოდ – 44-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.