„ამას ცეცხლზე ნავთის დასხმა ჰქვია“ – ვოლსკი კასიანოვის განცხადებაზე

დიპლომატიის ისტორიაში არ არსებობს არცერთი დიპლომატი, რომ სტუმარმა დიპლომატმა ასეთი განცხადება გააკეთოს ქვეყნების ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, ამას ჰქვია ცეცხლზე ნავთის დასხმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

„რა ქნას კასიანოვმა?! გამორიცხულია, რომ ეს პირადი მოსაზრება იყოს. ის რამდენიმე მიღებაზე შემხვდა და ისეთი სიხარული გამოხატა, ვფიქრობ, რომ ისიც არაადეკვატურია ან სტრესის ქვეშ იმყოფება შექმნილი ვითარების გამო.

კასიანოვი საკუთარ საჭიროებას ამტკიცებს და რომის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა გამოჩნდეს. ეს დასაშვებია გამომდინარე მისი პიროვნებიდან. ის არა მარტო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, არამედ არაადეკვატურია თავის მოქმედებებში, ღიმილსა და ქცევაში. იგი მიდის იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც იღებს, ან ერთხელ მიიღო და მუდმივად ასრულებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს. აღნიშნული განცხადების გამო, ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტებისთვის დაიბარეს. უწყების ცნობით, კასიანოვთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები